ზუგდიდში პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევისთვის “ახალი ლიდერების ინიციატივა” დაჯარიმდა.
შსს-ის ინფორმაციით, ,,ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს, ჩაბარდა. უწყების ცნობით, ორგანიზაციამ ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.
,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, წესების მიხედვით კი, 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.
ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ,,ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო, ხალხს იმდენად უჭირს”.
ნიკა მელიას თქმით, “ხანდახან ხდება, რომ აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე”. მისივე განმარტებით, ზუგდიდში იმდენი ადამიანი მივიდა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა წესების დაცვა და სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ პოლიცია მათ დისტანციის დაცვაში არ ეხმარებოდათ.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს 1 თვით გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, დაუშვებელია 10 ადამიანზე მეტის შეკრება.