კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას მან აღნიშნა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე არსებობს:
“პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული.
კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.