ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაის გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, “რუსეთის თავისუფლების ლეგიონი” და “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ. კიევმა უარყო მათთან კავშირი და განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. პასუხისმგებლობა ორმა ჯგუფმა – რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC) და ”რუსეთის თავისუფლების” ლეგიონმა აიღო.
რა ვიცით მათ შესახებ
რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (RVC) დაარსდა ულტრამემარჯვენე რუსი მოქალაქის მიერ 2022 წლის აგვისტოში და შედგება რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ჯგუფი ასევე აქტიურობდა რუსეთის ტერიტორიის საზღვარზე და აიღო პასუხისმგებლობა მარტში ბელგოროდში განხორციელებულ რეიდში, ასევე 22 მაისს ბელგოროდში შეჭრაზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო ამბობს, რომ RVC არის დამოუკიდებელი მიწისქვეშა ჯგუფი რუსეთის შიგნით, რომელსაც ასევე ჰყავს ქვედანაყოფი უკრაინის უცხოურ ლეგიონში.
”რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი აცხადებს, რომ იგი შეიქმნა 2022 წლის გაზაფხულზე “რუსების სურვილით, იბრძოლონ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პუტინის შეიარაღებული ბანდის წინააღმდეგ”. ნათქვამია, რომ ისინი თანამშრომლობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და მოქმედებენ უკრაინის მეთაურობით. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ბელგოროდში მომხდარ თავდასხმაზე და განაცხადეს რომ იბრძოდნენ ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში.
უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბელგოროდში თავდასხმებში მონაწილეობდნენ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები და რომ ისინი ქმნიდნენ “უსაფრთხოების ზონას” უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან არ დაადასტურა და არც უარყო, რომ იქ მოქმედი ძალები უკრაინული დანაყოფია.
ვინ არიან?
ორშაბათს RVC-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ორი მამაკაცი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაიპყრეს რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. Reuters-მა შეძლო ერთ-ერთი მამაკაცის ვინაობის გარკვევა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ილია ბოგდანოვია, რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მას შემდეგ, რაც იბრძოდა კიევისთვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა, ილია ბოგდანოვმა ქვეყანა 2014 წელს დატოვა. ბოგდანოვი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და მოხალისეთა ბატალიონ დონბასში გაწევრიანდა.მან მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო მას შემდეგ, რაც ის იბრძოდა კიევისთვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ უკრაინის აღმოსავლეთში. ამავე წელს ქალაქ ხარკივში ბოგდანოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ის უვნებლად გადარჩა. უკვე 2016 წელს რუსეთის სპეცსამსახურები ბოგდანოვის გატაცებას შეეცადნენ, თუმცა შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა CБУ-მ ბოდგანოვი გაათავისუფლა.
კირილ კანახინი – რუსეთში მსახიობად და იოგის ინსტრუქტურად მუშაობდა, ცნობილი იყო დენის რადონსკის ფსევდონიმით. ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს ტელე-სერიალებში, იყო მოსკოვში მდებარე ე.წ. მთვარის თეატრის მსახიობი. კანახინი უკრაინაში საცხოვრებლად 2018 წელს გადავიდა. ის მონაწილეობდა მიმდინარე წლის მარტში, იმავე ბელგოროდში განხორციელებულ რეიდში, რის შემდეგაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მასზე ძებნა გამოაცხადა.
ალექსანდრ სკაჩკოვი – ერთ-ერთია, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დამალა და უკრაინული ჯავშანტრანპორტიორის ფონზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა და გაავრცელა. ალექსანდრ სკაჩკოვი უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობს, იმავე წლის დეკემბერში ის მოხალისეების ერთ-ერთ დანაყოფს შეუერთდა. 2015 წელს სკაჩკოვი ერთ-ერთ შეტაკებაში დაიჭრა. 2020 წელს სკაჩკოვი უკრაინელმა სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შენახვის გამო დააპიმრეს, თუმცა ერთ თვიანი პატიმრობის შემდეგ სკაჩკოვი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
დმიტრი სტერლკოვი – 2019 წელს სტერლკოვი ქალაქ პერში რუსეთის მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით გაასამართლეს. ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და უკრაინაში გაიქცა. კრემლის სპეცსამსახურების ცნობით, დმიტრი სტრელკოვი რუსული ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციის, Национал-социализм / Белая власть-ის წევრია.
ალექსეი ლევკინი – რუსეთის ულტრა-მემარჯვენე წრეებში კარგად ნაცნობი ადამიანია, თუმცა თანამოაზრეებთან უთანხმოება მოუვიდა. 2014 წლიდან ლევკინი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სხვადასხვა ცნობებით ის ”აზოვის” პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა. 2018 წელს რუსეთის სასამართლომ ლევკინს დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა სიძულვილის გაღვივებისთვის მიუსაჯა.
ალექსეი დოლგოვი – 2014 წლიდან ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 2022 წლის დასაწყისში გავრცელდა დოლგოვის ფოტოები უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, ხოლო ცოტა ხნის წინ ლეგიონ Свобода России-ის ვიდეო-რგოლში გამოჩნდა.