ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, პრემიერთან, გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის დრო მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.
საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით.
“კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს”, – წერია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.