აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალი ტურისტი 120 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან, 120 მეტრის სიმაღლიდან და მდინარეში ჩავარდა.

“შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი, ხეობიდან ამოიყვანა და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5 კილომეტრი მანძილის გავლის შემდეგ საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანა, საიდანაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ დაშავებული გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”,– აცხადებს უწყება.