საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ განსაცდელი ადამიანს ხელს უწყობს, რომ ამაღლდეს.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, სინამდვილეში, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, რომ მე თქვენს შორის ვარო, მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი მოგიწოდებთ, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მინდა, გაგამხნევოთ – ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება”,-ამბობს პატრიარქი.
მისივე თქმით, ადამიანმა ბედნიერებისთვის სხვებისთვის უნდა იცხოვრობს და სხვა გაახაროს.
,,უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს. გაიხარეთ წუთისოფელსა შინა! როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.