ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, ენმ-საც კი არ მიუღია მსგავსი კანონი – კობერიძე ხუნდაძის კანონპროექტზე

,,დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას შეძლებს.

მისი თქმით, ეს ცვლილება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ მიუღია მსგავსი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ,,ავტორიტარიზმი იყო ქვეყანაში”.

,,ეს არის პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, უფრო მკაცრად ვიტყვი თუ შეიძლება, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის დროსაც, როცა პრაქტიკულად ავტორიტარიზმი იყო რეალურად ქვეყანაში, მათაც კი მსგავსი ტიპის კანონები არ მიუღიათ და „ქართულ ოცნება“, რომელიც სწორედ იმ ნიშნით მოვიდა, რომ იმ ავტორიტარიზმს ებრძოდა, ახლა იმაზე უარესს ვაკეთებთ – კანონის დონეზე გვინდა, რომ ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადავდგათ“, – განაცხადა კობერიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტით საკარანტინე ღონისძიებების ,ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობასთან გათანაბრება ხდება, რაც არაკონსტიტუციურია. კობერიძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი კანონპროექტი მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას მისცემს.

თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებს.