თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ კახა კალაძე ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტის ინიციატორია.
„ამ ადამიანს ასეთი მიგნებები აქვს. უბრალოდ დაგვიძახა, თქვა – ეს გავაკეთო. ამ დავალებას არ დაჭირდა კანონმდებლობაში ცვლილება და ბიუროკრატიული პროცედურები. მერმა გამგებლებს მისცა დავალება, რომ დაელაპარაკეთ მოსახლეობას, რომ თუ ისინი სრულად აიღებდნენ ავტოფარეხებს, ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ დემონტაჟს და მოვაწყობთ სკვერს. 466 ავტოფარეხის ნაცვლად, 34 სკვერია გაშენებული”,– ამბობს ხმალაძე იმედის ეთერში.
მისივე განცხადებით, რამდენიმე წელიწადში თბილისში არცერთი ავტოფარეხი აღარ იქნება.
“ერთ დღეს, თბილისის რომელიღაც მერმა გადაწყვიტა, ავტოფარეხების განაშენიანება დაეშვა. ყველა კორპუსის ეზოში არის ინდივიდუალურად, მახინჯად გაშენებული ეს ავტოფარეხები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წელიწადში მოგვცემს იმას, რომ ქალაქში არც ერთი ასეთი ავტოფარეხი აღარ იქნება და ყველგან იქნება სკვერი. ესაა უნიკალური მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით შექმნა ასეთი მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე”,– აღნიშნა ხმალაძემ.