დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაასამმაგა ახალი კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) საპასუხო პაკეტი და დაამტკიცა საოპერაციო ცვლილებები, რაც ბანკს დახმარების უფრო სწრაფად და მოქნილად გაწევის საშუალებას მისცემს.
აღნიშნული პაკეტი ADB-ის მიერ 18 მარტს გამოცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გაგრძელებას წარმოადგენს და მას 13.5 მილიარდი აშშ დოლარის რესურსით ავსებს, რაც ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებს კოვიდ-19-ით შექმნილი მწვავე მაკროეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ოცმილიარდიანი პაკეტიდან 2.5 მილიარდი შეღავათიან სესხებსა და გრანტებზე მოდის.
„ეს პანდემია მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკურ, სოციალურ და განვითარების მიღწევებს აზიასა და ოკეანეთში, ამუხრუჭებს სიღარიბის შემცირების პროცესს და ეკონომიკებს რეცესიას უქადის,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „გაზრდილი, ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომლის დამტკიცება ჩვენი დირექტორთა საბჭოს მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, უფრო სწრაფად, მოქნილად და ქმედითად იქნება მიწოდებული ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის, რათა მათ პანდემიითა და ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაში დაეხმაროს.“
ADB-ის ბოლო, 3 აპრილს გამოქვეყნებული შეფასება პანდემიის გლობალურ ზარალს მშპ-ს 2.3% და 4.8% შორის ვარაუდობს. არსებული პროგნოზით რეგიონული ზრდა 2020 წელს შარშან ნავარაუდევი 5.2%-დან 2.2%-მდე შემცირდება.
ახალი პაკეტი მოიცავს კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ქვე-პროგრამას ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ახალი ქვე-პროგრამით 13 მილიარდ აშშ დოლარამდე დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების შერბილებისთვის ეფექტური ანტიციკლური ხარჯვითი პროგრამების შესამუშავებლად, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. საგრანტო რესურსი კვლავაც გამოიყოფა სწრაფი სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის და სახარჯი მასალის შესაძენად გაფართოებული შესყიდვების რესურსებიდან.
ოცმილიარდიანი პაკეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. სესხები და საბანკო გარანტიები ფინანსურ ინტიტუტებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების გასაახლებლად მიეცემათ. გაზრდილი მიკროსაფინანსო სესხები, გარანტიები და პროგრამები გამოეყოფათ ფინანსური სახსრების საჭიროების მქონე მცირე და საშუალო, მათ შორის ქალების მიერ მართულ საწარმოებს იმ კომპანიების პირდაპირი დაფინანსების პარალელურად, რომლებიც კოვიდ-19-თან ბრძოლის საშუალებებს აწარმოებენ, ან პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.
საპასუხო პაკეტი შეიცავს რამდენიმე შესწორებას ბანკის პოლიტიკასა და ბიზნეს პროცესში, რაც ADB-ის საშუალებას მისცემს კრიზისს უფრო სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ეს მოიცავს შიდა პროცესის დაჩქარებას, სხვადასხვა დახმარების არეალის გაფართოებას და მეტად ინდივიდუალურად მორგებულ სასესხო პირობებს.
გაზრდილი პაკეტით გათვალისწინებული სრული დახმარება საერთაშორისოორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით განხორციელდება მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNICEF და გაეროს სხვა სააგენტოები, ფართო გლობალურ საზოგადოებასთან ერთად.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებსმუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.