აზრების კითხვა, უმანკო ჩასახვა და ეგზოპლანეტები: დასახელდა 2023 წლის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენები

ამერიკულმა პოპულარულმა სამეცნიერო კონტენტ ქსელმა National Geographic-მა გამოაქვეყნა გასული წლის 11 ყველაზე საოცარი სამეცნიერო აღმოჩენის სია.

  1. ასტრონომებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ტალღები სივრცე-დროის ქსოვილში

მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც გალაქტიკაში მოძრაობენ. ეს კოსმოსური ტალღები, სავარაუდოდ, სუპერმასიური შავი ხვრელების შორეული გამოძახილია, რომლებიც ურთიერთქმედებენ და ერწყმიან ერთმანეთს მრავალი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.

საერთაშორისო მკვლევართა კონსორციუმმაეს კოსმოსური ტალღები პულსარის ვარსკვლავების რადიოსიგნალების დროის მცირე რყევების გაზომვით აღმოაჩინა. შედეგები აჩენს ვარაუდს, რომ ადრეულ სამყაროში გაცილებით მეტი გიგანტური შავი ხვრელი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ, და ამ ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღების მუდმივი შესწავლა შეიძლება დაეხმაროს ჩვენი სამყაროს წარმოშობის შესახებ დეტალების დადგენას და უკეთ ახსნას უხილავი ნივთიერებები და ძალები, რომლებიც კოსმოსს კვებავენ.

  1. შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც კითხულობს ტვინის აქტივობას და თარგმნის ადამიანის აზრებს ჩვეულებრივ ენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად არ არის „აზრების წასაკითხი“ მოწყობილობა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემაზე დაფუძნებული მათი ახალი  მოწყობილობის რევოლუციური შესაძლებლობების შესახებ – ეს არის ადამიანის ტვინის აქტივობის გადაქცევა ტექსტის უწყვეტ ნაკადად ლაბორატორიაში.

ეს სემანტიკური დეკოდერი არ საჭიროებს ქირურგიულ იმპლანტაციას, არამედ ეყრდნობა ფუნქციურ MRI სკანირებას, რათა აღმოაჩინოს ტვინის აქტივობა საუბრის ან ვიზუალიზაციის საპასუხოდ.

ეს ტექნოლოგია ამჟამად საწყის ეტაპზეა, თუმცა მან უკვე წამოჭრა მწვავე კითხვები ფსიქიკური კონფიდენციალურობისა და ეთიკის შესახებ სიტუაციებში, რომლებიც არ არის ნებაყოფლობითი. თუმცა, კომუნიკაციის უნარის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ეს მოწყობილობა ახალ იმედებს აჩენს.

  1. უძველესი ვეშაპი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ცხოველი ისტორიაში

პერუში 13 წლის წინ აღმოჩენილი პრეისტორიული ვეშაპის ნამარხი ნაშთების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი ცხოველია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა.

არსება, სახელად Perucetus colossus, იყო ვეშაპების წინაპარი და  პერუს სანაპიროზე 37 მილიონზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა  300 ტონაზე მეტს იწონიდა, სიგრძით  კი დაახლოებით 18 მეტრი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ვეშაპები  კიდევ უფრო გრძელია (დაახლოებით 30 მეტრი), ისინი მხოლოდ 200 ტონას იწონიან.

  1. T-Rex-ს ჰქონდა ტუჩები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა ამ დინოზავრის შესახებ.

პალეონტოლოგთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ ტირანოზავრ რექსს და სხვა ხორციჭამია დინოზავრებს სავარაუდოდ ტუჩები ქონოდათ, რომლებიც მათ ბასრ კბილებს უფარავდა. ამ გასაოცარ დასკვნამდე მივიდა პალეონტოლოგთა ჯგუფი პრეისტორიული ცხოველების, მათ შორის ფრინველებისა და ქვეწარმავლების, თანამედროვე ანალოგების შესწავლის შემდეგ.

  1. ნაპოვნია 3 მილიონი წლის ადამიანების წინაპრების არაადამიანი ნათესავების მიერ შექმნილი ქვის იარაღები.

სამხრეთ-დასავლეთ კენიაში არქეოლოგებმა გააკეთეს გასაკვირი აღმოჩენა: ქვის იარაღები დამარხული იყო ჩვენი სახეობის უძველესი არაადამიანური ნათესავის, ჰომინინის პარანთროპუსის გაქვავებული ნაშთების გვერდით. იარაღების აღმოჩენა, რომლებიც შესაძლოა სამ მილიონ წლამდე ასაკის იყოს, აჩენს ვარაუდს, რომ არაადამიანურმა ჰომინიდებმა განავითარეს ქვის ტექნოლოგია. უფრო მეტიც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელსაწყოს განვითარება უფრო ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

  1. ახალი აღმოჩენები, რომლებიც ადასტურებს,რომ პლანეტაზე სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

უძველესი ქანების ქიმიურმა ანალიზმა ავსტრალიაში და სხვაგან აჩვენა, რომ რთული უჯრედები უკვე გავრცელებული იყო დაახლოებით 1,6-დან 800 მილიონი წლის წინ. ეს ამყარებს  „რთული სიცოცხლის“ წარმოშობის ძალიან ადრეული დროის შკალის თეორიას.

  1. აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობამ 5500-ს გადააჭარბა

აგვისტოში, დაახლოებით სამი ათწლეულის შემდეგ იმ დროიდან, რაც ასტრონომებმა აღმოაჩინეს პირველი პლანეტები ჩვენი მზის სისტემის გარეთ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ექვსი ახალი ეგზოპლანეტა, რითაც ცნობილი პლანეტების საერთო რაოდენობა 5500-მდე გაიზარდა.

ეგზოპლანეტების ძიების შედეგად ტელესკოპების გამოყენებით, როგორიცაა Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS) გრძელდება ახალი სამყაროების საოცარი მრავალფეროვნების გამოვლენა გალაქტიკაში. გარდა ამისა, ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპი და სხვა ძლიერი ობსერვატორიები ასევე გვაწვდიან უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ სამყაროების შესახებ, როგორიცაა K2-18 b, დედამიწისა და ნეპტუნის ზომის პლანეტა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გლობალური ოკეანე მკვრივი ატმოსფეროს ქვეშ.

  1. შიმპანზეებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ მენოპაუზა

ბიოლოგები დიდი ხანია ფიქრობენ იმაზე, თუ რა ევოლუციურ უპირატესობას აძლევს ზოგიერთ ცხოველს სიცოცხლის გაგრძელება რეპროდუქციული ასაკის შემდეგ. აქამდე მენოპაუზის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ მკვლელ ვეშაპებში, მოკლეფარფლიან პილოტ ვეშაპებში (დელფინის ტიპი), ნარვალებში, ბელუგა ვეშაპებში, ფსევდომკვლელ ვეშაპებში და ადამიანებში. მაგრამ ახალი ნაშრომი ადასტურებს, რომ შიმპანზეებს სულ მცირე ერთ ადგილას, კიბალეს ეროვნულ პარკში, უგანდაში, აქვთ მენოპაუზა და ამის შემდეგაც აგრძელებენ ცხოვრებას.

მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ვეშაპებისა და დელფინების ზოგიერთ სახეობაში ხანდაზმული მდედრები ეხმარებიან მომავალ თაობებს აღზრდაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არ არის შიმპანზეების შემთხვევაში, რადგან ეს ცხოველები არ ზრდიან მონათესავე შთამომავლობას. თუმცა, ერთი თეორია არის ის, რომ მენოპაუზია ხელს უწყობს პრიმატებში რეპროდუქციის საქმეში კონკურენციის შემცირებას და მეცნიერები ამის შესწავლას უახლოეს წლებში გააგრძელებენ.

9. პირველი ცნობილი “უბიწო დაბადება“ ამერიკულ ნიანგებს შორის

კოსტა რიკის ეროვნულ პარკში, მარტოხელა მდედრმა ამერიკელულმა ნიანგმა შთამომავლობა გააჩინა მამრის გარეშე. ეს მოხდა ასექსუალური გამრავლების ტექნიკის საშუალებით, რომელიც ცნობილია როგორც პართენოგენეზი. ეს ფენომენი ადრეც დაფიქსირდა კალიფორნიის კონდორებში, ზვიგენების რამდენიმე სახეობაში, კომოდოს დრაკონებში და ზოგიერთ გველში, მაგრამ მანამდე არ იყო დაფიქსირებული ნიანგის რომელიმე სახეობაში. თეორია ვარაუდობს, რომ ეს არის გადაშენების პირას მყოფი სახეობების  თვითგადარჩენის მექანიზმი.

  1. მეცნიერებმა შექმნეს ახალი, უფრო წარმომადგენლობითი ადამიანის გენომი

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა წარმოადგინა ახალი პანგენომი, ადამიანის საცნობარო გენომის ძირითადი განახლება, რომელიც გამოქვეყნდა 20 წელზე მეტი ხნის წინ. ახალი მოდელი მოიცავს კაცობრიობის უფრო წარმომადგენლობით ნაწილს გაცილებით დიდი ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებით, რაც აუცილებელი ნაბიჯია პერსონალიზებული მედიცინის გასაუმჯობესებლად.

ახალი პანგენომი ამჟამად მოიცავს 47 ადამიანის გენომის თანმიმდევრობას, თუმცა დაგეგმილია, რომ მოდელი საბოლოოდ დაფარავს დაახლოებით 700 ადამიანს. წინა ეტალონური ნიმუში ძირითადად დაფუძნებული იყო მხოლოდ ერთი ინდივიდის გენომზე, მინიმალური დამატებითი მონაცემებით სხვა, ძირითადად ევროპული წარმოშობის.ინდივიდებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანის გენომი 99%-ზე მეტით იდენტურია, ინდივიდუალური განსხვავებების ანალიზი საკვანძოა დაავადების მიმართ ადამიანების დაუცველობისა და მკურნალობის მეთოდების გასაგებად.

  1. სატურნის თანამგზავრზე აღმოჩენილი ფოსფორი იძლევა იმედს, რომ იქ სიცოცხლე თეორიულად შესაძლებელია

წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ფოსფორი ოკეანეში სატურნის სიდიდით მეექვსე მთვარე ენცელადუსზე. ნახშირბადთან, წყალბადთან, აზოტთან, ჟანგბადთან და გოგირდთან ერთად, ეს მეექვსე ელემენტი აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს ენცელადუსზე დანარჩენი ხუთი ელემენტის არსებობის ნიშნები, ამიტომ ეს უკანასკნელი აღმოჩენა, რომელიც ნაპოვნია კასინის კოსმოსური მტვრის ანალიზატორის მიერ შეგროვებულ ყინულის მარცვლებში, ამ ყინულოვან კლდეს აქცევს პერსპექტიულ კანდიდატად არამიწიერი სიცოცხლისთვის.