ისრაელზე თავდასხმის დროს ჰამასის ბოევიკების მიერ გატაცებული ქალის ცხედარი იპოვეს ალ-შიფას ჰოსპიტალის გვერდით მდებარე შენობაში, სადაც ისრაელის სამხედროები მეორე დღეა ოპერაციას ატარებენ.
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის, იეჰუდიტ ვაისის ცხედარი იდენტიფიცირებული იქნა სასამართლო ექსპერტიზის მიერ და ინფორმირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც.
იეჰუდიტ ვაისის ცხედარი, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა გაიტაცა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან ახლოს მდებარე შენობიდან გამოიყვანეს და ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს. შენობაში, სადაც იეჰუდიტი იყო განთავსებული, ასევე აღმოჩენილია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის კალაშნიკოვი და RPG”, – აცხადებენ IDF-ში.
ისრაელის მედია წერდა, რომ 65 წლის ვაისი (სხვა წყაროების მიხედვით, ის 64 წლისაა) ბოევიკებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე კიბუც ბერიდან გაიტაცეს.
ვაისი კიბოთი დაავადებული იყო, გატაცებამდე სამი თვით ადრე მას მკერდის კიბო დაუდგინეს, ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა გაევლო.
The Times of Israel იუწყება, რომ ვაისს ხუთი შვილი ჰყავდა, ხოლო მისი ქმარი შმულიკ ვაისი კიბუცზე თავდასხმის დროს დაიღუპა.