რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია. გაურკვეველია, სასახლე ანტიკვარულ ნივთებთან ერთად იყიდება, თუ მათ გარეშე.
სწორედ ამ მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა ალა პუგაჩოვა ქმართან, მაქსიმ გალკინთან და უმცროს შვილებთან ერთად 2006 წლიდან.
სასახლე წყვილმა თვითონ ააშენა და დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა. უზარმაზარ კომპლექსში არის აუზი, სახლები მოსამსახურეებისთვის, პარკი და პატარა ობსერვატორიაც კი. თავად სასახლე 6 სართულიანია. ის მთლიანად ანტიკვარული ავეჯით არის მოწყობილი და ძველი გობელენებით და ნახატებით გაფორმებული.
პოპლარულ მომღერალს ასევე აქვს ორი მდიდრული ბინა მოსკოვის ცენტრში. ერთ ბინას, ტვერის ქუჩაზე ის შვილთან, კრისტინა ორბაკადესთან ერთად ფლობდა, ახლა კი ბინის ერთადერთი მფლობელი შვილი გახდა.
ამ დროისთვის პუგაჩოვას სასახლეს მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი უვლის. თავად ალა პუგაჩოვამ შვილებთან, ლიზასთან და გარისთან ერთად რუსეთი დატოვა. ის მოსკოვში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ოჯახთან ერთად გადავიდა. სკოლიდან ბავშვების საბუთების გამოტანის შემდეგ კი 29 სექტემბერს კერძო თვითმფრინავით ისევ ისრაელში გაემგზავრა.
ცოტა ხნის წინ რუსეთში მაქსიმ გალკინი უცხოეთის აგენტთა რეესტრში შეიყვანეს. გალკინი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
პუგაჩოვას რუსეთიდან გამგზავრებაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა გაირკვა, რომ მას ისრაელის პასპორტიც აქვს. ვარაუდობენ, რომ ის რუსეთში აღარ დაბრუნდება.