ალტ-ინფოს ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა

ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და ულტრამემარჯვენე არხს  ”ალტ-ინფოს” ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მაუწყებლობა შეზღუდული აღარ იქნება.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურატურას დროულად შეეფასებინა ეს გარემოებები, დროულად გამოეძიებინა ეს ყველაფერი, თუმცა ვნახეთ, რომ ძალადობრივ მოწოდებებთან მიმართებით და ძალადობის ორგანიზებასთან პროკურატურის და გამოძიების რეაგირება არის ნული. ამდენად, რომ ყოფილიყო დროული და ეფექტური რეაგირება ამ საკითხთან მიმართებით, შესაძლებელი დადგენილიყო გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის შემდეგაც, ამ საკითხის გადაწყვეტა კომუნიკაციის კომისიას უკვე აღარც მოუწევდა”,-თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

ალტ-ინფოს ეთერიდან 5 ივლისამდე სიძულვილის ენა და მუქარის შემცველი განცხადებები ვრცელდებოდა.  ალტ-ინფოს დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ზურაბ მახარაძის პასუხისმგებლობაზე 6 სექტემბერს სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, მან პროკურატურას მიმართა, რომ მახარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.