ამ ვითარებაში “გლავ კანალის და პერვი კანალის” ჟურნალისტები გახარიას დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხებიან – კობახიძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქება მედიის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს კონკრეტული დანაშაულის ჩამდენ პირთან, ამ მოლაპარაკების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ”,– ამბობს კობახიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერ გახარიას ჟურნალისტები ამ “მძიმე ვითარებაში” კრიმინალის სტატისტიკაზე ეკიხებიან, რაც სირცხვილია.

“როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი, გლავ კანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით, ეს არის სირცხვილი”,– თქვა კობახიძე პრესკონფერენციაზე.

დღეს ჟურნალისტებმა გახარიას კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკაზე ჰკითხეს, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ “დანაშაულების ჯამური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა”.