საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა სკეპტიციზმი ისრაელის გაცხადებულ გეგმასთან დაკავშირებით, გააგრძელოს ბრძოლა მანამ, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდება.
მაკრონი შაბათს სიტყვით გამოვიდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ კლიმატის სამიტზე, სანამ დოჰაში გაემგზავრებოდა ყატარის ემირთან თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შესახვედრად, რომლის მთავრობა მთავარ როლს თამაშობს დიპლომატიური გზით კონფლიქტის დასრულების მცდელობებში.
დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ლიდერმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, მისი გადმოსახედიდან უფრო რეალისტურ მიზნებზე იფიქროს.
“ რა არის ჰამასის სრული განადგურება, და ვინმეს ჰგონია ასეთი რამ შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მიზანი და სასურველი საბოლოო მდგომარეობა” –თქვა მაკრონმა.
ჰამასსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ერთკვირიანი პაუზის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, მხარეებმა ბრძოლა განაახლეს. ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი დღით ადრე გაიმეორა, თუ რა მიზნებს მისდევს ისრაელი: ყველა მძევლის გათავისუფლება, ჰამასის ლიკვიდაცია და ღაზას სექტორიდან ისრაელის მაცხოვრებლებისთვის ახალი საფრთხეების თავიდან აცილება.
ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში, რომლის დროს ასზე მეტი მძევალი გათავისუფლდა ჰამასის ტყვეობიდან, 240 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ აუცილებელია „მცდელობების გააქტიურება ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“.
მაკრონი თავდაპირველად გეგმავდა ვრცელი სამშვიდობო ტურის ჩატარებას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ამის ნაცვლად გაეროს კლიმატის მოლაპარაკებების ფარგლებში გამართა შეხვედრები კონფლიქტთან დაკავშირებით. მისი ხუთსაათიანი ვიზიტი დოჰაში მას შემდეგ შედგა, რაც ისრაელის მომლაპარაკებლებმა დოჰა დატოვეს და ისრაელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ანალიტიკოსების თქმით, მაკრონის ვიზიტები დუბაიში და დოჰაში ასახავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მისი მთავრობა აწყდება კონფლიქტზე გავლენის მოხდენის გზის პოვნაში.
”საფრანგეთი და მაკრონი უბრალოდ ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს ამ კრიზისში”, – განუცხადა ბრიტანულ გაზეთ Guardian-ს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა აგნეს ლევალუამ.