ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება : რას ნიშნავს ეს

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აგზავნის ატომური იარაღის მატარებელ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავს. აშშ–ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ თავის განცხადებაში სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ სუეცის არხში წყალქვეშა ნავი ალ სალამის ხიდის ქვეშ კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაადგილდება.

ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იშვიათობაა, რადგან ისინი შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებულ “ბირთვულ ტრიადის” ნაწილია, რომელშიც ასევე შედის სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული ბომბები სტრატეგიული ბომბდამშენების ბორტზე.

ოჰაიოს კლასის რამდენიმე წყალქვეშა ნავი ატარებს საკრუიზო რაკეტებს ბირთვული ქობინების ნაცვლად და შეიძლება განლაგდეს სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში. გაურკვეველია, ატარებს თუ არა ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მოქმედი წყალქვეშა ნავი რაკეტებს ბირთვული ქობინებით.

შეერთებულმა შტატებმა მანამდე უკვე განალაგა ამ რეგიონში წყალქვეშა ნავები . კვირას გაკეთებული განცხადება ირანთან ურთიერთობების გაუარესებას დაემთხვა. ბაიდენის ადმინისტრაციამ რეგიონული პარტნიორების მეშვეობით გაუგზავნა მესიჯები ირანსა და ჰეზბოლას, რომ შეერთებული შტატები მზადაა მათ წინააღმდეგ სამხედრო ჩარევისთვის, თუ ისინი განახორციელებენ თავდასხმებს ისრაელზე.

კვირას, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ასევე გაავრცელა ატომური B-1 ბომბდამშენის სურათი, რომელიც ასევე მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება.

მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხმელთაშუა ზღვაში ორი ავიამზიდის ჯგუფი გაგზავნა.

გარდა ამისა, ამჟამად წითელ ზღვაშია 26-ე საზღვაო ექსპედიციური ძალების მესამე საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითისგან შედგება.