ამერიკულმა “Gilead”-მა გვაჩუქა $4 მლნ-ის რემდისივირის 10 ათასი ფლაკონი – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Gilead”-მა საქართველოს საჩუქრად გადასცა დაახლოებით 4 მილიონი  დოლარის COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი.

“ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „Gilead“-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში. „Gilead“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია”,– წერს ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი გამოყენების შემთხვევაში – “დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა”.