ამერიკელი და ბრიტანელი კანონმდებლების განცხადებით, თუ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას განახორციელებს, ამას შეიძლება ადამიანების მსხვერპლი მოყვეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობაში.
ბრიტანეთის თემათა პალატის დეპუტატმა და თავდაცვის სპეცკომიტეტის თავმჯდომარემ, ტობიას ელვუდმა განაცხადა, რომ შეტევა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არღვევს ნატოს 5–ე მუხლს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
ელვუდმა კომენტარი გააკეთა The Times–ის სტატიაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ცრუ დროშის ქვეშ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის მზადებას ეხებოდა და განაცხადა, რომ ეს ნატოს წესდების 5–ე მუხლის დარღვევა იქნება.
“ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის პოტენციურ გაჟონვას უკრაინულ ბირთვულ რეაქტორზე, იქნება ნატოს 5–ე მუხლის დარღვევა.“– დაწერა დეპუტატმა.
მის პუბლიკაციაზე რეაგირება ჰქონდა ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს, რომელიც მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პუბლიკაციით გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ “კიევის რეჟიმი“ აპირებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყოს.
ბრიტანელი დეპუტატის აზრს მისი ამერიკელი კოლეგა, წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერიც დაეთანხმა:
“ამას განხილვაც არ ჭირდება. ნებისმიერი გაჟონვა ატომური ელექტროსადგურიდან მოკლავს ადამიანებს ნატოს ქვეყნებში, ამიტომაც ეს არის ავტომატურად 5-ე მუხლი.“–დაწერა კონგრესმენმა ტვიტერზე.
რას გულისხმობს ნატოს წესდების 5–ე მუხლი
ამ მუხლში საუბარია კოლექტიურ თავდაცვაზე. კოლექტიური თავდაცვა ნიშნავს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც მთელ ალიანსზე თავდასხმა.