საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
“დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.
გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირების იდენტიფიცირების მიზნით”, – ამბობენ სუს-ში.