“ან მთავრობა გვატყუებს, რომ სანქციებს არაა შეერთებული,ან უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია არის სიმართლე“–დავით ზურაბიშვილი

ექსპერტი დავით ზურაბიშვილი განმარტავს, როგორ შეიძლება ხვდებოდეს საქართველოს გავლით  რუსეთში ის პროდუქცია, რომლის იმპორტი სანქციების გამო ამ ქვეყანაში აკრძალულია. დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში საქართველოდან შედის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, შეიძლება რეალური იყოს:

“იმდენი გაუგებრობა, ჭორი და სპეკულაცია მოვისმინე უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე, რომ მოვალედ ჩავთვალე თავი ცოტა ვრცლად შევეხო ამ თემას და, როგორც იტყვიან, გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე განვმარტო რაღაც-რაღაცეები.
უპირველს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის დაუბრალებია უშუალოდ საბრძოლო იარაღის მიწოდება რუსეთისთვის და მეტიც, არავის უთქვამს რომ საქართველო აწვდის რუსეთს რამეს.

განცხადებაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ხდება ე. წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა რუსეთში ჩვენთან დარეგისტრირებული ფირმების მეშვეობით და საქართველოს ხელისუფლებას გაცემული აქვს ინსტრუქცია, რომ ამ ფირმებს საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ
რას ნიშნავს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია?

საქართველოს კანონით “სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ” ეს არის პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;

ანუ ესაა პროდუქცია, რომელიც პირდაპირ სამხედრო დანიშნულების არაა, მაგრამ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვისაც, მაგალითად სათამაშო კომპიუტერი ფლეისთეიშენი თავისთავად სამხედრო ტვირთი არ არის, მაგრამ მისი ჩიპი შეიძლება რაკეტის ნავიგაციისთვის იქნეს გამოყენებული.

ასეთი პროდუქტი არის საკმაოდ ბევრი და ყველა მათგანის რუსეთში შეტანის აკრძალვა გათვალისწინებულია საერთაშორისო სანქციებით.

ახლა, როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი პროდუქციის რუსეთში შეტანა? ძალიან მარტივად: მაგალითად, ჩამოვიდა აქ რუსი, დაარეგისტრირა ფირმა, რომელსაც შემოაქვს ვთქვათ სათამაშო კომპიუტერები ინდოეთიდან და მერე აგზავნის მოსკოვში.

ამ შემთხვევაში, თუ საქართველო არაა შეერთებული საერთაშორისო სანქციებს და არ ასრულებს ამ სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ძალიანაც თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით, მოხვდეს რუსეთის არმიის ხელში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ 35 ათასი რუსეთის მოქალაქეა საქართველოში ჩამოსული და იუსტიციის სახლებში რუსთა რიგები იდგა ფირმების დარეგისტრირებაზე. ძალიანაც მოსალოდნელია, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასეთი პროდუქციის გაგზავნას ცდილობდნენ რუსეთში. მოსალოდნელია კი არა, ძალიან მაღალი ალბათობით არიან კიდეც.

და აქ, რასაკვირველია, გადამწყვეტია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. თუ დავუჯერებთ პრემიერს, რომელმაც ორჯერ საკმაოდ მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოგვიცხადა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მაშინ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი საქართველოდან, თუ იგი ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებშია, რანაირად შეიძლება არ ხდებოდეს, იქნებ ვინმემ ამიხსნას? ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება რეალურად შეერთებულია სანქციებს და ამ პროდუქციის რუსეთში შეტანას ბლოკავს, მაშინ რატომ იკლავენ თავს და არ ვუერთდებით სანქციებსო, რას გაიძახიან? პუტინს ატყუებენ და ისიც იმდენად დებილია, რომ ღარიბაშვილის სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე იმ ფაქტის, რომ პროდუქციას უბლოკავს იმავე ღარიბაშვილის მთავრობა?
მოკლედ აქ ორში ერთია: ან მთავრობა გვატყუებს, რომ სანქციებს არაა შეერთებული და სინამდვილეში შეერთებულიცაა და რუსების მიერ დარეგისტრირებულ ფირმებს სულ თავში ურახუნებს ამ სანქციებს, ან უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია არის სიმართლე. მესამე ვარიანტი თეორიულადაც გამორიცხულია.

ჩემი მოსაზრება თუ ვინმეს აინტერესებს, მე მირჩევნია სიმართლე იყოს პირველი ვარიანტი (ანუ პრემიერი იტყუებოდეს), მაგრამ სკოლაში მათემატიკას ცუდად არ ვსწავლობდი და ეს ოხერი ლოგიკა მეუბნება, რომ მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა სიმართლესთან.

P. S. ძალიან გთხოვთ არ შეურაცხყოთ ჩემი ინტელექტი და სერიოზულად არ დამიწყოთ იმის მტკიცება, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ უარყო უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია. არაფერი მსგავსი ამერიკის ადმინისტრაციას არ უქნია და ის, რომ პირდაპირ ბრალს არ გვდებენ კოლაბორაციონიზმში და ცდილობენ ამ პოლიტიკურ არმაგედონში საქართველოს ხელისუფლება მაინც ნათელ მხარეს გადაქაჩონ, ჩემი მოკრძალებული აზრით აბსოლუტურად სწორი მიდგომაა.“– წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე.