“ანალიტიკოსები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ პროგნოზებში. მოთმინება იქონიეთ“–კულება უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებულ ეჭვებს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა დასავლელი ანალიტიკოსების ეჭვებზე უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მშვიდად ვართ მსგავს განცხადებებთან დაკავშირებით. ანონიმი ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში სამიდან ათ დღეში უნდა შეეწყვიტა არსებობა, ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა ვერ შეძლებს სწრაფად დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათაც კი, ვისაც ეჭვი ეპარება, დროთა განმავლობაში მეტი იმედი უჩნდება. ანალიტიკოსები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთ პროგნოზებსა და გრძელვადიან წინასწარმეტყველებებში. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. Მოთმინება იქონიეთ, მოგება– რთული შრომაა.”–თქვა კულებამ.

ხუთშაბათს, The Washington Post, ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს დაზვერვის თანახმად, უკრაინის კონტრშეტევა არ მიაღწევს საკვანძო ქალაქ მელიტოპოლს. თუ ეს დასკვნა სწორი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ კიევი ვერ შეასრულებს თავის მთავარ ამოცანას  –წლევანდელი შეტევისას ყირიმთან რუსული სახმელეთო გზის გადაჭრას.

ეს შეფასება ეფუძნება საზაფხულო კამპანიის გამოცდილებას, რომლის დროსაც რუსეთის ჯარებმა შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავება წინასწარ აშენებული ღრმა თავდაცვის ხაზის დახმარებით. გამოცემის თანახმად, წარუმატებელმა შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს დამნაშავეების ძებნა კიევსა და დასავლეთის დედაქალაქებში, რათა უპასუხოს კითხვას, რატომ ვერ მიაღწია თავის მიზნებს კონტრშეტევამ, რომელიც იყენებს ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების დასავლურ იარაღს.

უკრაინამკონტრშეტევა ივნისის დასაწყისში დაიწყო, იმ იმედით, რომ გაიმეორებდა გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვის რეგიონში მიღწეულ წარმატებას. მაგრამ უკვე ბრძოლის პირველ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, მიუხედავად დასავლური აღჭურვილობის არსებობისა.

დანაკარგების შესამცირებლად, უკრაინა გადავიდა ტაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს მცირე დანაყოფების გამოყენებას ფრონტის სხვადასხვა სექტორში წინსვლისთვის. ბოლო დროს კიევმა ფრონტზე დამატებითი რეზერვები გაგზავნა, მაგრამ რუსეთის მთავარი თავდაცვის ხაზის გარღვევას მაინც ვერ ახერხებს.

დაზვერვის ამ  პროგნოზებმა, რომლებიც  კონგრესის ზოგიერთ რესპუბლიკელს და დემოკრატს აცნობეს, უკვე გამოიწვია გარკვეული უთანხმოება დახურულ სხდომებზე, წერს Washington Post. ზოგიერთი რესპუბლიკელი არ ეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი 20,6 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ, შეტევის მოკრძალებული შედეგების გათვალისწინებით. სხვა რესპუბლიკელები და, უფრო ნაკლებად, დემოკრატები ადმინისტრაციას ადანაშაულებენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უფრო ძლიერი იარაღის მიწოდების შეფერხებაში.