საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე 17 მაისს თბილისის ანძის თურქმენეთის დროშის ფერებში განათებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს დემოკრატიის, დასავლური ღირებულებების და პარტნიორების დაცინვაა.
,,აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?
თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე “კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.
ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი”,- წერს მშვენიერაძე ფეისბუქზე.
რამდენიმე დღის წინ Tbilisi Pride-მა თბილისის მერს 17 მაისს ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მერიამ განმარტა, რომ თურქმენეთისგან ანძის განათებასთან დაკავშირებით წერილი მიიღეს და ვერ გამოტოვებენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.