აპირებენ, დადონ ტექსტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება – ჯაფარიძე მედიატორებზე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დღეს კონკრეტულ ტექსტს დადებს, რომელზეც დისკუსია აღარ შედგება.

“ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა – არა. მე მგონია, რომ ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ეუბნებოდნენ, რომ “თქვენზეა ახლა პასუხისმგებლობა”.

კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში დადის რაღაც კონკრეტულ თემებზე. ეს თემები გაწერილია შარლ მიშელის 5 პუნქტში და იმ ხუთივე პუნქტში ამ წუთში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, თუ რაიმე კომპრომისზეა საუბარი, დათმობა უნდა იყოს იქეთა მხრიდან”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს დადებს.