“ეს იყო ევროპული საქართველოს მიერ დადგმული სცენარი”,- ასე ეხმიანება პატრიოტთა ალიანსის წევრი გოჩა თევდორაძე 24 აგვისტოს ცენტრ “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, რომელშიც პატრიოტთა ალიანსსა და კრემლს შორის ფინანსურ კავშირებზე არის საუბარი.
თევდორაძე აცხადებს, რომ სტატიაში მოყვანილი მასალა თავისუფლად შესაძლებელია დოკუმენტები ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტს ასახავდეს და არა პატრიოტთა ალიანსისას.
„არსებობს რაღაც ფარატინა ფურცელი… მე გეუბნებით ახლა დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს არის არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ ევროპული საქართველოს ან ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტი და ამ თანხის მოთხოვნას აპირებენ თავად რუსეთის ფედერაციისგან. თავად უნდათ ეს. ამ განცხადებას ვაკეთებ და მითხარით საწინააღმდეგო არგუმენტი“, – ამბობს თევდორაძე.
თევდორაძე აცხადებს, რომ ევროპულმა საქართველომ საგამოძიებო სტატია ირმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტით გაღიზიანების გამო შეაქმნევინა.
“გაჩნდა რაღაც იმედის ნაპერწკალი და ეს აუტანელი გახდა ევროპული საქართველოს მესვეურებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ წარმოვადგინეთ კვლევა, ვისაუბრეთ პოლიტიკურ რეიტინგებზე. არ გამოვრიცხავ, რომ მათ სურთ რუსეთიდან ან სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება”,- განაცხადა თევდორაძემ ტვ პირველის ეთერში.
ცენტრმა “დოსიემ” გამაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან 8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.
ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.