არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, უნდა გასამართლდეს – ზარქუა მურსაკულოვზე

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვზე ამბობს, რომ მისი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ის უნდა გასამრთლდეს.

33 წლის მურსაკულოვი ქართული ოცნების წევრია, რომელსაც სოციალურ ქსელში ირაკლი ზარქუასთნ ერთად გადაღებული ფოტო აქვს.

“არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, დანაშაულის ჩამდენი არის დამნაშავე და ის საქართველოს კანონმდებლობით უნდა გასამართლდეს. მორჩა, ეს არის ჩემი პოზიცია. სულ რომ საკუთარი ძმაკაცი იყოს, ამას გეტყვით”,– ამბობს ზარქუა მთავარ არხთან საუბრისას.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მურსაკულოვი ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შანაე ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს.