“”არ გაგვწიროთ სიკვდილისთვის” “- ტრანსგენდერი ქალები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი გახარიას სახელზე შეაქვთ, განცხადებას ხელს 100 ტრანსგენდერი მოქალაქე აწერს. განცხადებაში ნათქვამია:
“შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით. ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება, საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები, გთხოვთ, ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, მოგვაქციოთ ყურადღება. რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არც ერთი ანტიკრიზისული გეგმა. ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექს სამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადთება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკდვილისთვის“.
ტრანსგენდერი ქალი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის თქმით, ისინი არ ითხოვენ სხვებისგან განსხვავებულად მოპყრობას.
“ვინც აქამდე გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა, თვითონაც გაუჭირდა. ჩვენი ქუჩაში არდარჩენა, მედიკამენტები, ბინის ქირა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. არასდროს არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის. საკმაოდ პატარა თემი ვართ, პატარა ჯგუფს წარმოვადგენთ და არ უნდა გაუჭირდეს სახელმწიფოს ჩვენი დახმარება. სიტყვით ვერც გადმოვცემთ, წარმოუდგენელია, ვინმემ გაითავისოს ჩვენი პრობლემები. ჩვენ არც ოჯახებში წასასვლელი არ გვაქვს. არ გვაქვს ადგილი, სადაც ღამეს გავათენებთ და სითბოს და საკვებს მივიღებთ. ჩვენი ქუჩაში დარჩენა იქნება სიკვდილის ტოლფასი. ჩვენ ის საფრთხეც გვემუქრება, რომ ვინმემ რამე არ დაგვიშავოს”. – ამბობს ნატა ტალიკიშვილი.