შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის თქმით, შესაძლოა ერთ–ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილს საფრთხე ემუქრება.
“რაც შეეხება ამირხანაშვილს, არ გამოვრიცხავ, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდეს და პირდაპირ რეკომენდაციით მივმართავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიება გამოიყენოს ამ ადამიანის მიმართ. ჩემი შეხედულებით, ეს აუცილებელი და გადაუდებელია”, –ამბობს ადვოკატი ტვ პირველის ეთერში.
ყიფშიძის თქმით, თუ ამირხანაშვილი ალაპარაკდება, დამნაშავეების წინააღმდეგ ეს სერიოზული დარტყმა იქნება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას.
მისივე თქმით, ამირხანაშვილი ახალგაზრდაა და შესაძლებელია მარტივად მოყვეს ვინმეს ზემოქმედების ქვეშ.
ყიფშიძე დარწმუნებულია, რომ ამირხანაშვილი ადრე თუ გვიან გამოძიებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულია. გუშინ გავრცელებული კადრებით, მას დიდუბეში მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. ჯერჯერობით უცნობია, რაზე ისაუბრეს მათ.
ბილანიშვილი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.