ბრიუსელში გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტებისა“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც.
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ განიხილა. რომლემაც ურჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გადახედოს ევროკომისიის მიერ წარდგენილ დირექტივას.
„მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა იუროვამ.