ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი მათ მოთხოვნებს მთავრობა არ შეასრულებს. ამის შესახებ მან ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, გონს მოეგონ, რადგან არ უნდათ რევოლუციური სცენარით წასვლა და პროცესის რადიკალიზაცია.
„ეს იქნება იმ ულტიმატუმის ნაწილი, რასაც ჩვენ დღესაც ვაჟღერებთ. იმ სურათს რასაც ისინი მიიღებენ თბილისში, არ იქნება ისეთი, რაც არის დღეს. ჩვენ ვიქნებით გაცილებით უფრო მეტნი, ვიდრე დღეს ვართ.
ჩვენ შევაჯანჯღარებთ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არის მხოლოდდამხოლოდ კოლექტიური გადაწყვეტილების საგანი. არ შეიძლება ცალკეულმა ხელისუფალმა გადაწყვიტოს ისეთი რამ, რასაც ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება. ეს არის მიწების საკითხი და არამარტო.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოეგონ გონს. ჩვენ არ გვინდა, რომ გადავზარდოთ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარებით. თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელი პროცესია და შეიძლება ეს არ გაგვიჭირდეს, როცა ვხედავთ, რომ ამდენი ადამიანი დგას ამ მოედანზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოემატება ჩვენს ერთობას.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, შეასრულონ დაქირავებული ხელისუფალის როლი და შეასრულონ დაკვეთა საზოგადოების… ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გათვალისწინებული. ნუ მიგვიყვანენ რადიკალიზებამდე, რომ მათ ვუთხრათ – წადი, იმიტომ, რომ თქვენ ჩვენ არ გვემორჩილებით”, – განაცხადა გოლეთიანმა.