თბილისის კლუბები – KHIDI, BASSIANI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA, TES დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებენ და ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ მოქალაქეებს შეუერთდნენ დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში.
„საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ.
საზოგადოების მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგი, ვიყოთ თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დროებით შეჩერებულია. კრიზისში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია და ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება, რაც არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს ყველაფერს, მათ შორის საკლუბო კულტურას და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების არსებობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი. ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება, 2024 წელს მიღებული რუსული და ანტი-ლგბტქ+ კანონები სწორედ ამ მონაპოვრის განადგურების მცდელობაა. მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია.
სწორედ ამიტომ, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს.
სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში”, – ნათქვამია განცხადებაში.