თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი იკითხება. შსს-ს თანამშრომელიი ირწმუნება, რომ 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ქვა მოხვდა, მაგრამ არ იცის ვისი ნასროლი იყო.
”აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში, გონება დავკარგე და წავიქეცი, დამადეს 5 ნაკერი – არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო” – ამის შესახებ გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა გიორგი ჯანიკაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ხელმძღვანელობის დავალებით მითხრეს, რომ აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება. მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად წავედი რუსთაველზე, განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით. რუსთაველზე შეკრებილი იყო ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ…მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათი [დემონსტრანტების] მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნივთების დაზიანება, ხის და სხვა საგნების, მათ შორის ბოთლების სროლა და ა.შ. პოლიციელების მისამართით.
იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და იყვნენ აგრესიულებიც…
ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა, დამადეს 5 ნაკერი. მე არ დამინახავს ვინ მესროლა და ვერ შევძლებ ამოვიცნო რომელიმე, მაგრამ ზოგადად ვგმობ ძალადობას“, – განაცხადა პოლიციელმა.