პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მისი განმარტებით, თავად არ ვაპირებს პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს: “არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე, ვერ წარმომიდგენია მუშაობა კომიტეტებში”.
„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ჩემი მოსაზრება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ჩაატაროს კვლევა და ჰკითხოს აზრი საკუთარ ამომრჩეველს. კიევში ბატონ მელიასთან და ბატონ სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, როგორც პარტნიორი პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, ეს საკითხიც იქნა განხილული. კვლევის შედეგებს პარტიის არჩეული თავმჯდომარე რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.
ჩვენ განვიხილეთ სამი გზა – პარლამენტში შესვლა, არშესვლა და ე.წ. ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც გულისხმობს არშესვლას, მაგრამ მუშაობას მხოლოდ ორი საკითხის, სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციის რეალური რეფორმის გარშემო.
რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მე არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს: არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე, ვერ წარმომიდგენია მუშაობა კომიტეტებში.” -აცხადებს კახა ოქრიაშვილი.