“არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას,ორივე მხარეს მოვუწოდებ, მოიქცნენ ნამდვილი ევროპელებივით “- საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სიტყვით გამოვიდა.
“რთულია საქართველოს ხილვა ასეთ გრძელ და განგრძობად პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ეს დემოკრატიის კრიზისია. დემოკრატიის სიმწიფე არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და მართლმსაჯულების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლებას, დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს ნიშნავს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიის თანათავმჯდომარის რანგში, ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების გაფორმება და გამოვთქვი იმედი, რომ ქართული დემოკრატია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო უფრო უარეს სიტუაციაშია, ვიდრე აქამდე. არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. უბრალოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, რომლებსაც ევროპული საზოგადოების წევრობა სურთ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ საქმეს.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებს ესმით, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის გადასაწყვეტად. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ მეგობრებს, არ ჩააგდონ ეს შესაძლებლობა. ” – განაცხადა კუბილიუსმა.