“არ მივესალმებით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავ კანონს “- სახახლო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აცხადებს, რომ ძალადობას გმობს და სოლიდარობას უცხადებენ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებისას დაზარალებულებს.
“ჩვენც რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული. ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს. 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.
რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის, მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც”, – ნათქვამია განცხადებაში.