თბილისის მერი კახა კალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა არ უნდა დავუშვათ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
“ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.
საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.
არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.
მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის” ,- წერს კალაძე Facebook–ზე.
სოფელ ბუკნარში დაძაბულობაა. მუსლიმი მოსახლეობა სამლოცველოში ლოცვის ჩატარების უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.
ქრისტიანი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ მუსლიმებს სოფელთან ახლოს აქვთ 2 მეჩეთი, სოფელში კი მესამეს მოწყობას არ დაუშვებენ.
გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ განაცხადა, რომ “სოფელი ბუკნარი შეჯერდა, რომ გამონახავენ საერთო ენას”.