“არა და არასოდეს” – “სირცხვილია” პრეზიდენტს პასუხობს

“არა და არასოდეს” – ამის შესახებ, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდა. ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ”ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება”.

ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.” – ნათქვამია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ. ?? ??

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა, თავად დააანონსა აქცია ევროპის მოედანზე, 16 ივნისს.

“მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად ვაფრთხილებ, ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.