“არა რუსულ მთავრობას! ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!” – 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია იგეგმება

 დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქალაქეები ყოველდღიურად არაერთ პრობლემას აწყდებიან – დაშინება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რუსეთიფიკაცია, უმუშევრობა, ემიგრაცია თუ სხვა, ხელისუფლება კი მოსახლეობას აიძულებს ეს ყველაფერი აიტანოს.

“დაკავებები, რუსული კანონები, რუსული ფრენები და სხვა მრავალი პრობლემა… მიზეზი?

მიზეზი ერთია – რუსული ხელისუფლება…

კი „ქართული ოცნება“ ნამდვილად ატარებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებას…

გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ,
გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული თვითმფრინავების“ წინააღმდეგ,
გვეყო ცალკეულად ბრძოლა უკანონო დაკავებების წინააღმდეგ,

დღეს საჭიროა ბრძოლა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეთან.

დღეს ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ…

დღეს გამოვდივართ ყველა სამართლიანობის აღსადგენად,
დღეს გამოვდივართ ყველა ქვეყნის საერთაშორისო კურსის დასაცავად…

არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობი,
არ აქვს მნიშვნელობა ხარ დასაქმებული თუ ხარ უმუშევარი,
არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრობ თბილიში თუ რეგიონში,
არ აქვს მნიშვნელობა ხარ ახალგაზრდა თუ ზრდასრული,
არ აქვს მნიშვნელობა ყოფილხარ თუ არა სხვა აქციაზე,
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ევროპა,
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ამერიკა…

დღეს ეს მე-2 ხარისხოვანია….

დაიმახსოვრე შენ ხარ ქართველი, საქართველოს პატრიოტი, საქართველოს რიგითი ჯარისკაცი და დღეს შენი სამშობლო დამოუკიდებლობას კარგავს…” – წერია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორი ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, უნივერსიტეტი, სტუდენტი და ყველა აქტიური, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეა.