არალეგიტიმურ პარლამენტში ენმ-ს არაფერი ესაქმება – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე ამბობს, რომ ენმ-ს არალეგიტიმურ პარლამენტში არაფერი ესაქმება.

“ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არალეგიტიმური იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგაც და დღესაც არალეგიტიმურია. ჩემი აზრით, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო სიკეთეების მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის ჩვენდამი ნდობა და ის, რომ იცოდეს ჩვენმა ხალხმა, “ნაციონალური მოძრაობა” რასაც ამბობს, იმას აკეთებს და იქედან გამომდინარე მოქმედებს, რა დასკვნებსაც აკეთებს და რასაც ხალხს ესაუბრება”,– ამბობს ბარამიძე.

მისივე თქმით, ხალხის მიღებულ გადაწყვეტილებას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

“აქედან გამომდინარე, შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოება და ხალხი მიიღებს, ის ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ მოგვცა ის მანდატები, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესვლა იქნება თუ არშესვლა, ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია”, – აღნიშნა ბარამიძემ.

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელზეც გადაწყვეტენ, შედიან თუ არა პარლამენტში.