შეფერხდება თუ არა პარლამენტის მუშაობა, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შევა – ამის შესახებ “ღამის კურიერში” თეა წულუკიანმა ისაუბრა.
“არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით სკამზე დამჯდარს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, თუ “ქართული ოცნება” მომდევნო 4 წლის განმავლობაში დარჩება ერთადერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, ეს შეაფერხებს თუ არა საქართველოს კურსს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, წულუკიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციას აქამდე არცერთი ჯანსაღი კანონპროექტისთვის ხმა არ მიუცია და ძირითადად დესტრუქციით იყო დაკავებული.
“არ ვიცი წინასწარ, შეაფერხებს თუ არა ეს კონკრეტული გარემოება… არ მაქვს პასუხი. თუ დავინახე, რომ შეაფერხებს, შემდეგ ვიტყვი, რომ ამან შეაფერხა.
რაც შეეხება სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობას შეაფერხებს თუ არა, რა თქმა უნდა, არ შეაფერხებს. ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ კანონპროექტების ინიცირება, საკანონმდებლო საქმიანობა უკვე დაწყებულია და თქვენ თუ გაიხსენებთ ბოლო წლებს, მე არ მახსენდება ოპოზიციის მიერ იშვიათი გამონაკლისების გარდა ინიცირებული რაიმე პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა. არცერთ ჯანსაღ რეფორმას ხმა არ მისცეს, არაფრით არ იყვნენ დაკავებული, გარდა დესტრუქციისა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.