საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას დიდი მხარდაჭერა აქვთ.
“მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა”,- ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, კონკრეტულ რიცხვში დაბრუნების პირობა არასდროს გაუცია.
“მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.