არასდროსაა გვიან იმის ხელმოწერა, რაც დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევს წარმოადგენს – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას. გუშინ 1-ლ სექტემბერს ენმ-მ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერდა.
“ნიკა მელიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს.
ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია”, – განაცხადა ჰარცელმა.