”არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ” – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რეგიონებში არის უმძიმესი მდგომარება – ბათუმში და ქუთაისში არის მაგალითი იმ დარღვევებისა, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, არ არსებობს მონიტორინგის სამსახურები, არ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც გააკონტროლებენ მოქალაქეებს და მათ უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ვითხოვთ არსებული რეგულაციების კონტროლის და მონიტორინგის გამკაცრებას”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„სიტუაცია რეალურად რთულია. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დავშალოთ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან, პოლიცია არის ზუსტად იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას წესები. ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, საქმის გაკეთება დაიწყეთ! კონტროლი გააძლიერეთ, არა შეზღუდვები, არა „კომენდანტის საათი“, არამედ ის მარტივი კონტროლი, რომ ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველამ გამოიყენოს პირბადე. ისევ გადავსებულია კლინიკები, ისევ პრობლემა გვაქვს საწოლ ადგილებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ქალბატონო მინისტრო, კლინიკებს იანვრის ფული არ აქვთ მიღებული, რაც კოვიდპაციენტებზე იყო დახარჯული, დროზე გადაუხადეთ ეს თანხა თუ გინდათ, რომ საავადმყოფოებმა კარგად და ხარისხიანად იმუშაონ”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.