“არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა” “- ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ორი წლის წინ გაკეთებულ მისივე ხმაურიან განცხადებასა და ბრალდებას იხსენებს. მან დღევანდელი ქადაგებისას თქვა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ისე მოიქცა, როგორც “არაქრისტიანიც არ უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს”. 2019 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობმა სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მისივე განცხადებით, ამ შეხვედრაზე პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება და მეუფე შიოს აღსაყდრება იგეგმებოდა.
”გახსოვთ ჩემი საქციელი სადღაც წელიწადნახევრის წინ, გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, რომ არაქრისტიანიც არ უნდა საუბრობდეს მასე. ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა, მაგრამ როდესაც წლები ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, პატრიარქის წინააღმდეგ, რა საკითხზეც მე ვიყავი გაბრაზებული ყველამ იცის და მე ის არ მითქვამს, რომ, მე მოვინანიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი, რა სიტყვებსაც ვამბობდი, როგორც ვამბობდი, არავისთვის სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი მე არ ვარ…
ადამიანები ვართ და ხანდახან რაღაც ისე მოგივა, მაშინ გაბრაზებულიც ვიყავი და განრისხებულიც, იმიტომ, რომ რამდენი ხანი ვუყურებდი ამ ყოველივეს. იქ მე ვთქვი, რომ ზოგადად ერთ ადამიანზე ვიყავი ცოტა ისე განწყობილი, მერე ჩემთვის ძალიან ახლობელმა ადამიანმა შერიგდითო მთხოვა, მე ქალი არ ვარ, რომ გავიბუტო, მაპატიონ ქალებმა, ხელი ჩამოართვით, გადაეხვიეთო, რა თქმა უნდა, არ გადავეხვიე, ხელი ჩამოვართვი და მერე კიდე ცოტახანში ერთად რომ ვიყავით, რაღაც ისე არ იყოო და შერიგდითო. მე სამაგიეროს არავის არ გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და იმათგან წვეთი წყალი გადამარჩენდეს არ მივიღებ იცოდეთ, შურს არავისთან არ ვიძიებ, მაგრამ ესენი თუ არ გაჩერდებიან, მაგათ ყველას ვიცნობ, არავის არაფერს წამოვაძახებ, გარეთ გატანა წლები თუ რაღაცას მალავდი არ უნდა იკადრო. მე მინდა ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ვინც მაგათი მამოძრავებელი ძალაა თავის თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი”, – თქვა მეუფე იაკობმა.