ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამართულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ.
„პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, ვინც აკეთებენ რუსეთის საქმეს საქართველოში და არიან შემჩნეული კავშირებში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი. ესენი სხედან ნაცმოძრაობის ოფისში და აქვთ უფრო მძიმე განცხადებები გაკეთებული, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდნენ. იყვნენ კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არიან რუსეთის საქმის მკეთებლები. ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასვე აქვს ეჭვი, რომ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და ელენე ხოშტარია “რუსეთის აგენტები” არიან.
„მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრესსპიკერია, დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?”, – ამბობს კობახიძე.