არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ განმარტავენ თუ რატომ არ დარეგისტრირდა ორგანიზაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ რეესტრში“, ე.წ. FARA-ს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
„ჩვენი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით ე.წ. ფარას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგია: არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, შესაბამისად ეს კანონი ჩვენ არ გვეხება; ხელისუფლება აპელირებს რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არაა; ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება; ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემის დამყარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.