შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ივლიანე ხაინდრავამ, თანამდებობა დატოვა.
“[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ,” – განაცხადა ხაინდრავამ “ტაბულასთან.”
ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის თქმით, ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან.
“ქართული საზოგადოების ერთი-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ინტელექტუალმა და პირადად ჩემთვის გამორჩეულად საყვარელმა ადამიანმა, ივლიანე ხაინდრავამ დატოვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.
ივლიანე ხაინდრავა არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან.
პირადად მე, ადამიანი რომელიც თავს მის მოწაფედ მივიჩნევ და უდიდეს პატივად ვთვლი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარსულში საჯარო სამსახურში მუშაობას, ჩემს მოსწავლებელს საჯაროდ ვუხდი მადლობას გამბედაობისა და (როგორც ყოველთვის) სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”, – წერს ბრაგვაძე.