მამა შალვა კეკელიამ დღეს ქადაგებისას მთავარ არხზე გასულ სიუჟეტზე ისაუბრა. სიუჟეტი სასულიერი პირების ქონებას და ძვირადღირებულ ნივთებს ეხებოდა.
მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, საიდან აქვთ ადამიანებს ასეთი “უსიყვარულობა და უგულობა”, ამის მაგალითად კი ნიკა გვარამიას და სიუჟეტის ავტორს, ბექა ყორშიას ასახელებს.
“ვინ არიან, რა ხალხია, სადაურები არიან, სად დაიბადნენ უბრალოდ, ასეთი უგულობა, ასეთი უსიყვარულობა, ვერ წარმომიდგენია ადამიანს საიდან უნდა ჰქონდეს”,– აცხადებს სასულიერო პირი.
დეკანოზი ამბობს, რომ ასეთ ოჯახებში, “ახალგაზრდები კვდებიან” და “ინვალიდი” ბავშვები იბადებიან, თუმცა ირწმუნება, რომ ის ჟურნალისტებს არ წყევლის.
“იმ ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძაან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს ესე, სულ ახალგაზრდები კვდებიან, არ დაგვრჩა არავინ, კაცი არ დარჩა ჩვენ გვარში. გამოიკვლიეთ კარგად და მიხვდები, რომ შენ წინაპრებმა რა გააკეთეს, როგორც ასე ლანძღავდა, როგორც ახლა ასე ამ ბიჭმა გააკეთა გადაცემა და როგორც ეს გვარამიები და ისინი აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს, როგორ შეიძლება, კი არ ვწყევლით, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით. ასე ეკლესიის წინააღმდეგ ამხელა ცილისწამება, არ ამომიღია ხმა, გამოდიან ამ გადაცემაში, მთავარზე და რუსეთის აგენტები არიანო, ჩემზე თქვეს, ქვეყნის მტრის აგენტად მასახელებენ”,– თქვა მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.