ასლი: პოზნერის მიმართ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს, რამაც დაარტყა, 2013-დან ყოველ დღე ხდება

ბიზნესმენი ფადი ასლი აცხადეს, პოზნერის ჩამოსვლით გამოწვეული პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს.

“იმ “დრამის მეფეებსა და დედოფლებს”, რომლებიც აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერის საწინააღმდეგო პროტესტი ეკონომიკისათვის დარტყმა იქნება, ვეტყვი: არა! ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს.

რამაც ეკონომიკას დაარტყა, ყოველ დღე ხდება 2013 წლიდან მოყოლებული, სისტემური კორუფცია და ნეპოტიზმი, გადაწყვეტილებების მიმღებთა სრული არაკომპეტენტურობა, უცხოელი ინვესტორების რეკეტი და შევიწროვება, სასამართლო სისტემაში სისტემატური ჩარევა, რამაც მისი სრული დესტრუქცია გამოიწვია, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისა და დევნის გამო მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ყოვლად უსარგებლო და პოპულისტური სოციალური პროგრამების დაფინანსება, რამაც ქვეყანა ვალებში დაახრჩო.

ყველაფერი ამის შედეგია ნულოვანი ზრდა მშპ დოლარში ბოლო 8 წლის მანძილზე და ლარის სისტემატურად გაუფასურება, რომელიც სიღარიბის გავრცელებასა და უპრეცედენტო მასშტაბის ტვინების გადინებას უწყობს ხელს”,– წერს ფადი ასლი.

ცნობისთვის, ქართული ოცნების წევრები და მათ შორის, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებენ, რომ პროტესტი, რაც ქვეყანაში პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა, ტურიზმსა და ეკონომიკას ძვირად დაუჯდება.