ხვალ, 29 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან.
“ხვალ 14:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, საიდანაც მსვლელობით შევუერთდებით მშობლების პროტესტს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, წამალი უნდა მიეცეთ ბავშვებს”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტები ევროპული მომავლისთვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება – მორიგი აქცია შაბათს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.
26 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა აქონდროპლაზიას ეხებოდა, კერძოდ, პრეპარატ ვოზორიტიდის დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.
ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პრეპარატის დასამტკიცებლად “რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთული პროცესია”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კვირაზე მეტია მშობლები მორიგეობით მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათენებენ. ისინი მანამდე არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ “ვოზორიდიტის” შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.