აქციაზე დაშავებულია მინიმუმ 20 ჟურნალისტი და ოპერატორი – მედიაომბუდსმენი

აქციაზე დაშავებულია მინიმუმ 20 ჟურნალისტი და ოპერატორი  – ამის შესახებ, მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 28 და 29 ნოემბერს აქციაზე, სახელმწიფოს წარმომადგენლები მიზანიმიმართულად ძალადობდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და ხელს უშლიდნენ მათ საქმიანობაში განხორციელებაში.ედიაობუცმენმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მოუწოდებს სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ.

სახელმწიფოს წარმომადგენლები აქციის დაშლისას სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ -დაშავებულია მინიმუმ 20 ჟურნალისტი და ოპერატორი

გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს. სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის გამო და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

  1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა გურამ როგავას, რომელიც ახორციელებდა  ჟურნალისტური საქმიანობას, თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
  2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. მიყენებული დაზიანების გამო გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
  3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — დავით ცაგარელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტს მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
  4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — მარიამ ნიკურაძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას რა დროსაც მის მიმართ მიზანმიმართულად გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.  დაუზიანდა კამერა;
  5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” – წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი”  – გიორგი შეწირული რამდენიმე სპეცრაზმელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდენენ.
  8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო დახმარება.
  9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— ნიკო კოკაია სპეცრაზმელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა, მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა. ოპერატორს დასჭირდა სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება, რადგან ვერ გადაადგილდებოდა.
  10. გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
  11. ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — ნათია ამირანაშვილს სპეცრაზმის წარმომადგენელმა არ მისცა გადაღების საშუალება, ცდილობდა ფეხის დარტყმით დაემტვრია ძირს დავარდნილი მობილური ტელეფონი.
  12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციამ “პროექტ 64-ის” რედაქტორს, გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა, პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
  13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — ჟურნალისტს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
  14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
  15. დეა მამისეიშვილი,  “მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გაშუქებისას;
  16. გიორგი გოგინაშვილი,  “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გაშუქებისას;
  17. იულია კალაბანო – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარტყეს წიხლი;
  18. მინდია გაბაძე –  ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
  19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს;
  20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს.

თითოეულ ფაქტთან, დაკავშირებით მივმართეთ “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, რომელსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;
  • საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი)  და დევნის  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;
  • აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;
  • ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.

ასევე ცნობილია, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე.”